(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

25 ნოემ '16

24 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო "ბილთმორ-თბილისში", ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ საკითხებს, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბარს დაეთმო. 

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა  და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სამმხრივი დიალოგი ბიზნესს, კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის ისეთ  საკითხებზე, როგორიცაა კურსის სტაბილურობა და სავალუტო რისკების დაზღვევა, თითოეული მხარისათვის მნიშვნელოვანია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მსგავს შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციასთან, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სწორი მოლოდინებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად: 

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სწორი მოლოდინები, ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მსგავსი შეხვედრები, გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და სასარგებლო იქნება როგორც ჩვენთვის ისე ბიზნესისთვის," -  განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.