(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  ახალი ოფისის საზეიმო გახსნა

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი ოფისი, რომელიც კომპანია "რედიქსის" ახალაშენებულ A კლასის ბიზნეს ცენტრში „ტაბიძე 1“ მდებარეობს. საღამოს გამართულ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ოფისის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერმა სიტყვით მიმართა ასოციაციის წევრებს,  მიულოცა ახალ ოფისში გადასვლა და ისაუბრა თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნის მნიშვნელობის შესახებ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი საფუძველს ჩაუყრის საინტერესო იდეებს, რომლებიც მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს ქვეყანაში და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში. 

„ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ დღეს ჩვენ ქალაქის ცენტრში გვაქვს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. გილოცავთ! ნამდვილად ძალიან კომფორტული სივრცეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ სივრცეში მიღებულ იქნება არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყველაზე მეტად დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება ერთად დგომა და თანმიმდევრულად სვლა იმ მიმართულებით, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ არათუ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ასეთი თავდაჯერებული, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გველოდება წინ, არ ვყოფილვარ არასდროს. განწყობა, რომელიც მე გამაჩნია და ჩვენს გუნდს გააჩნია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში - სრულიად ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და რომელიც იქნება ნამდვილი გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეს არის რეალობა და ეს არის ის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს არსებობს, ეს არის ის პოტენციალი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ, რომელმაც ისაუბრა  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსა და  EBRD-ს შორის არსებული ხანგრძლივი  და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და იმედი გამოთქვა რომ ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრი სხვადასხვა წარმატებული პროექტი განხორციელდება.