(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სილქროუდ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

29 დეკ '16

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  შეშფოთებას გამოთქვამს მისი წევრი კომპანიის  - სილქ როუდ ჯგუფის და მისი დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ ბოლო დღეებში სხვადასხვა უცხოური და ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მცდარი, არაობიექტური და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ამერიკული გამოცემის „Wall Street Journal“-ის ამა წლის 23 დეკემბრის სტატიას და ამ სტატიის საფუძველზე რამოდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, თითქოს ტრამპის ორგანიზაცია აჩერებს თანამშრომლობას ქართველ პარტნიორთან, სილქ როუდ ჯგუფთან კომპანიის და მისი დამფუძნებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების არსებობისა და წარსულში გიორგი რამიშვილის „მხედრიონთან“  კავშირის გამო.

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი და საფუძველია, თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის გადამოწმებული და ობიექტური იყოს; მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს ჯგუფს, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივ თუ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ქვეყანაში.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ეს ასე მოხდებოდა, ნამდვილად არ იქნებოდა რთული იმაში გარკვევა, რომ:

1.       სილქ როუდ ჯგუფის და მისი დამფუძნებლების მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ იწარმოება;

2.       გიორგი რამიშვილი არასოდეს  ყოფილა  „მხედრიონის“ წევრი;

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება, ყოველთვის იდგა და იდგება თავისი წევრი კომპანიებისა და მათი მესვეურების ლეგიტიმური და ობიექტური ინტერესების სადარაჯოზე.

აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ მსგავსი მცდარი და იმიჯის შემლახავი ინფორმაცია სერიოზულ რეპუტაციულ და ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიასა და მის დამფუძნებლებს და რაც მთავარია, ამუხრუჭებს და ხელს უშლის ქვეყანაში ძლიერი და სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, რაც მთლიანობაში უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.