(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი  კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრთან

22 თებ '17

22 თებერვალს, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე და  დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საპენსიო რეფორმაზე, რომელიც სავარაუდოდ უკვე მომავალ წელს ამოქმედდება.

,,საპენსიო რეფორმის მიმართულებით ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში, რაც მთავარია დასრულდეს კანონის პროექტის მზადება, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში ბიზნესწრეებთან და ბიზნეს ასოციაციებთან და შემოდგომაზე კანონს შევიტანთ პარლამენტში,“ - განახცადა მინისტრმა.

განსახილველ საკითხებს შორის, ასევე, იყო სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, რაც დაკავშირებულია საქმეთა განხილვის ვადებთან და მოსამართლეთა კომპეტენციასთან და რაც მთლიანობაში მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ბიზნესგარემოსათვის.

„ჩვენ მინისტრს მოვუყვანეთ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც საგანგაშოდ მიგვაჩნია.ვთვლით, რომ საჭიროა ამ პრობლემაზე სწრაფი რეაგირება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების სისწარფე და ხარისხი. ეკონომიკის მინისტრს სასამართლო თემა შესაძლოა, პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა ბიზნესთან და ამ შემთხვევაში ჩვენ მას გავუზიარეთ ყველა ის შეხედულება და პრობლემა, რომელიც ბიზნესს გააჩნია“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი ჭირაქაძემ. 

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო უნდა გახდეს სწორედ ბიზნესზე ორიენტირებული, სერვისების მიწოდების სამინისტრო, რომელიც ეფექტურად და სწრაფად შეძლებს ბიზნესისთვის საჭირო საკითხების მოგვარებას. 

„ეკონომიკის სამინისტროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესისა და ბიზნესგარემოს განვითარება, ისეთი სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ქვეყნის სავაჭრო ბალანსი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები და მათ გადაწყვეტაში ბიზნეს ასოციაცია და კომპანიები არიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები,“ - აღნიშნა მინისტრმა.