(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

მიმდინარე წლის 27 აპრილს, სასტუმრო „ბილთმორში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, რომელიც  პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში ბიზნეს ასოციაციას პირველად შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს კონსტიტუციის ახალი პროექტის ძირითადი დებულებები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბიზნეს სექტორს, ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესაძლო შეზღუდვისა და თავისუფლების აქტის მნიშვნელობის შესახებ.

„მიწის უცხოელებზე გასხვისების თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერი  სრულად არ კრძალავს და მეორე მხრივ, იძლევა ამ საკითხის ორგანული კანონის დონეზე დარეგულირების საშუალებას. კომისიის წევრთა შორის დისკუსიის საგანი იყო 94-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს გადასახადების ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება. კომისიამ საბოლოოდ წარადგინა ვერსია, სადაც ეს ჩანაწერი შენარჩუნებულია“, - განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრაზე მხარეები  თანამშრომლობის ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ, რომელიც სხვადასხვა ფორმატში წარიმართება და  უზრუნველყოფს ბიზნეს სექტორის ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში.

„ პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის. მთავარია, რომ ჩამოვაყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინასწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ინტერესებთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.