(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ჩინეთთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შედეგად, საქართველოსთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაიხსნება

16 მაის '17

16 მაისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა სამსონ ფხაკაძემ და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოსა და  ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  ერთობლივი პრესკოფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს 13 მაისს, პეკინში გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 80%  გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

"საექსპორტო პროდუქციას შორის ღვინოს, თხილის, თაფლის, მინერალური წყალის, ლუდსა და უალკოჰოლო სასმელების გარდა სხვა დამატებით პროდუქციაც შედის. ჩინეთს ეყოლება რეგიონში პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, ამიტომ ეს არის პოლიტიკური ნება“, -განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის , სამსონ ფხაკაძის თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქვეყნისათვის ძალიან დიდი წარმატებაა და ღირებულია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის.

„ჩვენს ასოციაციაში 70-ზე მეტი კომპანიაა, მათ შორის, რამდენიმე ჩინეთთან უკვე ოპერირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ კიდევ ბევრი დაიწყებს ოპერირებას ჩინეთის ბაზარზე. თითოეულ კომპანიას და ქვეყანას ვულოცავ ამ დიდი წარმატებას“, აღნიშნა სამსონ ფხაკაძემ.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.  საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.