შეხვედრა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით
7 ივნ '17
6 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, ასოციაციის აგრარული და სამართლებრივი ბაზის განვითარების კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხებს, კერძოდ:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეუზღუდავი უფლება შეიძლება ჰქონდეთ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, სსიპ-ს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, რეზიდენტ იურიდიულ პირს რომლის წილთა 50%-ზე მეტის მფლობელი რეზიდენტი კომპანია ან/და საქართველოს მოქალაქეა, რეზიდენტ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან/და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს;
ბ)უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირებისათვის დაწესებულია რიგი შეზღუდვები, მათ შორის მუდმივი ცხოვრების ან/და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მიწის იჯარით ფლობა 5 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა და ა.შ.;
გ) უცხოური კომპანიებისათვის ან რეზიდენტი იურიდიული პირისათვის, რომლის წილთა 50%-ზე მეტს ფლობს უცხოელი ან უცხო ქვეყნის რეზიდენტი იურიდიული პირი, პროექტი აწესებს ასევე რიგ შეზღუდვებს, მათ შორის:
-მიწის ფართობი, არანაკლებ 5 და არაუმეტეს 100 ჰექტარისა;
-მიწის ნაკვეთით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (იჯარის ხელშეკრულება, ქონების (მიწის) გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები)
-საინვესტიციო გეგმა და ამ გეგმის განხორციელების გარანტია/მტკიცებულებები) და ა.შ.
სხდომაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ გამოითქვა გარკვეული შენიშვნები კანონპროექტის მიმართ და დაიგეგმა ასოციაციის სამომავლო სამოქმედო გეგმა.