(+995 32) 2 202-215

ბლოგი

მომხმარებლის (ძალა)უფლება

03.15.16 ნიკა ნანუაშვილი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

ძალაუფლება  -  თუ  მას შევხედავთ, როგორც ძალისა და უფლების ერთიანობას, მივიღებთ ერთობ მძლავრ და ქმედით იარაღს  მფლობელის ხელში; თუმცა ძალაუფლებას როგორც კი ძალას ან უფლებას ჩამოვაცილებთ, მისგან აღარაფერი დარჩება ან/და მივიღებთ სრულიად სხვა რამეს.

ვინაა მომხმარებელი და რა კავშირშია მასთან ძალაუფლება?

მომხმარებლები ვართ ჩვენ ყველანი, ვინც ყოველდღიურად ათეულობით წვრილმან თუ მსხვილ გარიგებას ვდებთ, ვიძენთ საქონელსა და მომსახურებას მათგან, ვისი საქმიანობაც, ბიზნესიც ამ საქონლისა თუ მომსახურების გაყიდვაა და ჩვენ ყველას გაგვაჩნია ძალაუფლება - მომხმარებლის ძალაუფლება.

მომხმარებლის ძალაუფლებაა ის, რასაც შეუძლია უბრალოდ ბაზრიდან გააქროს ესა თუ ის კონკრეტული კომპანია, გააკოტროს ან, უკეთეს შემთხვევაში, აიძულოს დაჰყვეს მომხმარებლის ნებას, გააკეთოს ის,  გაყიდოს ის, რაც მომხმარებელს უნდა და როგორც მომხმარებელს უნდა.

კომპანიების უმეტესობა დიდ თანხებს ხარჯავს სწორედ იმაში, რომ გაიგოს, რა სურს მომხმარებელს და შემდგომში თავისი პროდუქცია თუ მომსახურება ამ მოთხოვნას მოარგოს, მიუსადაგოს.

მომხმარებლის ძალაუფლება ყოველთვის მუშაობს იქ, სადაც მომხმარებლებს გააჩნიათ შესაბამისი უფლებები და ამავდროულად მათ აქვთ ნება, იცოდნენ და იყენებდნენ საკუთარ უფლებებს.

ვინც თვალს ადევნებდა უკანასკნელ პერიოდში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეგიდით წამოწყებულ საკანონმდებლო პროცესს და საინფორმაციო კამპანიას, შესაძლოა, ერთი შეხედვით შთაბეჭდილება რჩებოდეს, რომ ქართველ მომხმარებელს არ აქვს სათანადო, ევროკავშირის მოქალაქის დარი უფლებები, თუმცა ეს ასე არაა; ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ქართველ მომხმარებელი თითქმის ისეთივე უფლებებითაა აღჭურვილი, როგორითაც მისი „კოლეგა“ ევროპელი და მიუხედავად ამისა, ჩვენში პოპულარულია აზრი იმის შესახებ, რომ მომხმარებლები დაუცველნი არიან.

გვაქვს კი ნება რომ დავიცვათ ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები, ვიცოდეთ მათ შესახებ და და გამოვიყენოთ მომხმარებლის ძალაუფლება?
ეგებ გვირჩევნია, რომ ეს ჩვენს მაგივრად სხვამ გაკეთოს, გააკეთოს სახელმწიფომ, რომელსაც ამაში დამატებით გადავუხდით ფულს?

სახელმწიფო უკვე გვიცავს მომხმარებლებს იქ, სადაც ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია არც ცოდნა და არც საშუალება დავიცვათ ჩვენი უფლებები; სახელმწიფო აკონტროლებს იმ პროდუქტის ხარისხს და შესაბამისობას, რომელსაც საკვებად ვიყენებთ, სახელმწიფო აკონტროლებს იმ საქონლის უსაფრთხოებას, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო აწესებს სპეციალურ რეგულაციებს იმ სფეროებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიები არსებობს ან რაც დაკავშირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებულ რისკებთან.

რა მოხდება მაშინ, თუ ყველაფერს სახელმწიფო გააკონტროლებს და ყველგან, ყველა მიმართულებით სახელმწიფოს იმედად დავტოვებთ ჩვენს უფლებებს?

ბევრი რამ მოხდება ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ ბევრში დადებითი არაფერი იქნება, - ჩვენ გადავიხდით კიდევ უფრო მეტ ფულს ბიუროკრატულ აპარატში, რომელიც ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტს, რა არის ჩვენთვის უკეთესი და ჩვენი სახელით მოსთხოვს ამას მეწარმეებს, ეს უკანასკნელნი კი ან გაეცლებიან ბაზარს ან დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და შესაბამის ხარჯს პროდუქტის თუ მომსახურების ღირებულებაში ასახავენ ან კიდევ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ჩვენს საწინაღდეგოდ გარიგდებიან მათთან, ვისაც ჩვენი უფლებების დაცვა მივანდეთ და ამაში ფულს ვუხდით.

იქნებ სჯობს, თავადვე გამოგვეყენებინა ჩვენი, მომხმარებლების ძალა და უფლება?!

მომხმარებლის (ძალა)უფლება