(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

"ყველა აღიარებს, რომ საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილება იყო"

2015 წელს პარლამენტმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. 

კანონპროექტის მიხედვით პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. კანონპროექტს განხილვის პროცესშივე შეეწინააღმედეგა ბიზნესასოციაცია, ბიზნესომბუდსმენი, ბანკების ასოციაცია და ასევე არასამთავრობო სექტორი, - თემაზე "საქმიან დილასთან" საქართველოს ბიზნესასოციაციის ანალიტიკური მიმართულების მენეჯერი ნიკა ნანუაშვილი საუბრობს. 

- ბატონო ნიკა, კანონის მირებიდან დღემდე ამ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გქონდათ? 

- დიახ, რა თქმა უნდა. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყოველთვის გარკვეულ დროს მაინც ვუთმობთ აღნიშნულ საკითხზე საუბარს და მინდა აღვნიშნი, რომ ამ საკითხთან მიმართებით აბსოლუტურად ყველა აზრი ერთგვაროვანია. კანონის მიღება რომ სწორი არ იყო, ამას ყველა აღიარებს. მე საერთოდ არ მიხარია იმის თქმა, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ პრაქტიკამ უკვე 10 თვის თავზე აჩვენა, რომ ეს ცალსახად შეცდომა იყო. სასამართლოში ამ ტიპის დავები თითქმის ათჯერ გაიზარდა. სასამართლო ამ მოცულობასთან სხვა ტიპის დავებთან ერთად გამკლავებას რეალურად ვერ ახერხებს და ვღებულობთ სიტუაციას, როდესაც მესაკუთრეებს წლობით ლოდინი უწევთ. სასამართლო სისტემასაც, იუსტიციის სამინისტროსაც, ეკონომიკური საბჭო თუ სხვა უწყება, - ამ პრობლემას ყველა ცალსახად აღიარებს. 

- თუ არის მზაობა რომ კანონში ცვლილებები განხორციელდეს? 

- ჩემი აზრით და ინფორმაციით, მზაობა ამასთან დაკავშირებით არის და განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ ოდნავადაც ვერ მოაგვარა ის პრობლემა, რის მოსაგვარებლადაც ის იყო ინიცირებული. სანაცვლოდ საკუთრების უფლების დაცვის კუთხით მთლიანი ფონი დამძიმდა. 

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? 

- ეს ცვლილება გარკვეულ პოპულისტურ ტალღაზე იქნა მიღებული იმ ეგიდით, თითქოსდა ეს იპოთეკარებს მოუგვარებდა პრობლემებს და მათ აღარ გამოსახლებდნენ, თუმცა ბუნებრივია, მათ აუცილებლად გამოასახლებენ, იმიტომ რომ ეს ქონება მათი საკუთრება აღარ არის. ეს კი პრობლემის მოგვარება არ არის. 

- აქ მხოლოდ იპოთეკარებზეა საუბარი, მაგალითად ადამიანმა ბინა რომ იქირაოს და შემდეგ უარი განაცხადოს იქიდან გამოსვლაზე? 

- მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ საკუთრებაში ბინა და ის გააქირავეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2 თუ 3 თვის თავზე ქირას აღარ გიხდიან და ამავე დროს, თქვენი საკუთარი ბინიდან გასვლაზე უარს აცხადებენ, თქვენ ერთადერთი გამოსავალი გრჩებათ - სასამართლოში უნდა მიბრძანდეთ და ხანგრძლივ დავაში უნდა ჩაებათ, რომელიც თვეებით არ იზომება, არამედ უფრო გრძელ პერიოდზეა გათვლილი. 

ამასთან დაკავშირებით შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. კანონი ოდნავადაც ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომელთა მოსაგვარებლადაც თითქოს მიღებული იყო, ანუ პირვანდელი მდგომარეობა უნდა დაბრუნდეს. 

ლინკი