(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

კახა კალაძე - ბიუროკრატიის კუთხით მერიაში პრობლემები იყო - სამ თვეში მერიის სტრუქტურა განსხვავებული იქნება

სამი თვის თავზე მერიის სტრუქტურა იქნება განსხვავებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბიუროკრატიის კუთხით მერიაში პრობლემები იყო. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა, რეორგანიზაცია. ამ ყველაფერს აქვს თავისი წესი, კანონი და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად, სამი თვის თავზე მერიის სტრუქტურა იქნება განსხვავებული. რეფორმა რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მიმართულია იმისკენ, რომ მერიასთან ურთიერთობა გახდეს მარტივი, მერიის სტრუქტურები იყოს მოქნილი და ორიენტირებული ადამიანებზე მათ კეთილდღეობაზე და ქალაქის განვითარებაზე"- განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე სწორედ ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე და შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მინდა ბიზნეს ასოციაციას მადლობა ვუთხრა ამის ორგანიზებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. ზოგადად, ბიზნესის და ამ ადამიანების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი ქვეყანაში ქმნიან სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ისინი მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, იმ ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში რომელიც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, იმ პრობლემის მოგვარებას რომელიც დასაქმებასთან დაკავშირებით არსებობს.

რაც შეეხება პროექტებს, ყველა ის პროექტი იქნა წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, მაგალითად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადაგან უამრავი ისტორიული ძეგლი გვაქვს, ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას გააჩნია. შესაბამისად, მას სჭირდება მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება. ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე, ვისაუბრეთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე.

ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც საახალწლოდ ქალაქის განათებაში მონაწილეობენ ჩვენთან ერთად და მჯერა, რომ ასე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა იმ პროექტების განსახორციელებლად რომელიც 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა კალაძემ.

 

ლინკი