(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საბანკო სექტორი ითხოვს, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა თავად საბანკო სფეროს მონაწილეობით წარიმართოს

საბანკო სექტორი ითხოვს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა თავად საბანკო სფეროს და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით წარიმართოს. როგორც ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა, კარგად უნდა დასაბუთდეს, რატომ ხორციელდება ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგს მოიტანს დაგეგმილი ცვლილებები.
"დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ შინაარსიანი იყო. არის ქვეყნები, სადაც აღნიშნული სამსახური ეროვნულ ბანკთან ერთად არსებობს. არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც არის ერთმანეთისგან განცალკევებით. ამასთან დაკავშირებით მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მოყვანილი იყო საქართველოს მაგალითიც, რომ არსებობდა პრეცედენტი, როცა იყო განცალკევებით და ახლა არის ერთად. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ ხორციელდება ცვლილებები დღეს, როგორი სტრუქტურით გაკეთდება, ლოგიკა რა არის და გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა. საკითხის განხილვის პროცესში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა საბანკო სექტორმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა", - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ დახურულ შეხვედრაზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სფეროს ეროვნული ბანკიდან გამოყოფას ითვალისწინებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კანონპროექტის ავტორები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე, ასევე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.