(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაცია სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს , ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის, ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული წესის გაუქმებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხს.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან.
"შემოთავაზებული ცვლილებებით კნინდება უძრავი ქონებაზე უფლებათა რეესტრის როლი და რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რადგან მიუხედავად საკუთრების რეგისტრირებული უფლებისა, ყოველ სადავო შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული გახდება თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ეს კი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დროით დანახარჯებთან.
ინიცირებული ცვლილებების პაკეტი სირთულეების წინაშე აყენებს არა მარტო ბიზნესს, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც თავის საკუთრებას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ გარემოების ხაზგასმა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას, რაც თავის თავში ბუნებრივად მოიცავს საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც", - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლინკი