(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ბრუნო ბალვანერა - საბანკო ზედამხედველობის ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი

ვერ ვხედავ რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსიაში ბრუნო ბალვანერამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მსოფლიოში ბანკების ზედამხედველობას ან ეროვნული ბანკი ახორციელებს, ან ფინანსური და საზედამხედველო ორგანოები. საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, თუ ამისთვის არსებობს ტექნიკური და სწორი მიზეზები. თუ ცვლილების მიზეზი არ არის სწორად ჩამოყალიბებული, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ცვლილებები? საინტერესოა, რატომ უნდა შეიცვალოს რაღაც, რაც ბევრის, მათ შორის, EBRD-ის, IMF-ის, ლონდონის ინვესტორებისა და ფინანსური თემის აზრით, გამართულად მუშაობს. მოდი, მოვიწვიოთ საერთაშორისო სპეციალისტები, რათა გავიგოთ, იყო თუ არა რამე სისუსტე საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობაში, ან გავითვალისწინოთ სხვა ეროვნული ბანკების, საკონსულტაციო კომპანიების გამოცდილება და განვიხილოთ, რა პრობლემა დგას. თუ პრობლემა არსებობს და ის ტექნიკურია, მივიღოთ ტექნიკური გადაწყვეტილება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს პოლიტიკური. საბანკო ზედამხედველობის ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი", - განაცხადა ბალვანერამ.
EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსიაში ვერ ხედავს რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს. 
რაც შეეხება საბანკო სისტემას საქართველოში, ბრუნო ბალვანერას თქმით, საბანკო სისტემა ის სფეროა, რომელიც EBRD-მა საქართველოსთან ერთად შექმნა.
"გულწრფელად გითხრათ, საბანკო სისტემა ის სფეროა, რომელიც EBRD-მა საქართველოსთან ერთად შექმნა. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყანაში არსებული ბანკების უმრავლესობის მხარდაჭერას. როგორც გითხარით, საბანკო სისტემა საქართველოში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და კარგი მმართველობით. ამიტომ ვერ ვხედავ მისი გაკრიტიკების საფუძველს. მეტიც, საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით", - განაცხადა ბალვანერამ.

 

ლინკი