(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საქმიანი ვიზიტი საფრანგეთში

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანება MEDEF International-ში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნოიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს 22-23 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია MEDEF International-ში, სადაც მინისტრი ორგანიზაციის პრეზიდენტს ჟან ბიურელეს და საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. გაიმართება საქართველოს შესახებ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წევრებს საქართველოში გატარებული რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. MEDEF International საფრანგეთში მოქმედი მსხვილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის წევრ 800 000-მდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას, ნოუ-ჰაუს დანერგვას და წარმოადგენს მათ საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი. 

ლინკი