(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი ჭირაქაძე - მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებიდან არის სურვილი, ბიზნესთან კომუნიკაცია არსებობდეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ეკონომიკური საბჭოს მდივანს, ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარიას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი.
"მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებიდან, ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან არის სურვილი, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია არსებობდეს. ყველა მწვავე საკითხზე იყო გულახდილი საუბარი", - განაცხადა ჭირაქაძემ.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ზრდას, ჭირაქაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენი მათ დაჰპირდა, რომ ამ საკითხში მეტად გაერკვევა.
"უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრა. ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები, არიან ჩაერთვებიან. ჩვენ რასაც ვაფიქსირებთ არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის იყოს პროგნოზირებადი გარემო. ჩვენ უნდა გვესმოდეს რა იქნება 2016-ში, 2017-ში, 2018 წლებში. ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესომბუდსმენის მოსაზრება, რომ თამბაქოსთან მიმართებაში ეს გაკეთებულია და ძალიან კარგი იქნება, თუ ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაშიც იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სიურპრიზებს ჩვენ არ მივიღებთ. ბიზნესი ერთი თვით, ან ერთი კვირით ადრე არ უნდა იგებდეს, რომ რაღაც ცვლილებები ხდება",- განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დაისვა ბევრი საკითხი, მათ შორის მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც გაიგეს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ თემაზე მუშაობს.
"ჩვენ კიდვე ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მოგების გადასახადის გაუქმებას ბიზნესასოციაცია და ბიზნესი სვამს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად", - განაცხადა ჭირაქაძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასაც.

ლინკი