(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პირველ ვიცე პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას უმასპინძლა

13 ივნ '16

მიმდინარე წლის 13 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა პირველ ვიცე პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ქეთევან ბოჭორიშვილთან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები  გააცნო და იმ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა, რაც შეინიშნება ქვეყნის ეკონომიკაში.

როგორც მინისტრმა პრეზენტაციის მსვლელობისას განაცხადა, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე და 2015 წელს ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

 „იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. 2012 წელს უმუშევართა რაოდენობა 305.1 ათასს შადგენდა, 2015 წელს ეს რიცხვი 63. 5 ათასით შემცირდა და 241.6 ათასი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დასაქმების ზრდა ბიზნეს სექტორში. ქვეყანაში დასაქმების ზრდა სწორედ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მატებამ განაპირობა,“ აღნიშნა შეხვედრაზე ქუმსიშვილმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის  თქმით, ბიზნესმენები ბოლო 2 თვის განმავლობაში განსაკუთრებით კარგად გრძნობენ იმ დადებით ტენდენციებს რაც ეკონომიკაში შეიმჩნევა. 

„ჩვენ ბიზნესმენები უმთავრესად ბოლო 2 თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვგრძნობთ იმ დადებით ტენდენციებს, რაც ეკონომიკაში შეიმჩნევა. ეს აისახა ეკონომიკის ზრდაში და ლარის კურსის გამყარებაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება“ - განაცხადა ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა- „წლის დასაწყისში უფრო მეტად პესიმისტურადაც ვიყავი განწყობილი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არც მქონდა მოლოდინი, რომ 3%-თან ახლოს ან ცოტათი მეტიც იქნებოდა, განსაკუთრებით როცა ვუყურებ თუ რა ხდება რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნებია მოახლოებული. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, გვინდა ზრდა 6 და 10% იყოს, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ნორმალურია; ჩვენ, ბიზნესმენები ვხედავთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და არჩევნები და პოლიტიკა გავლენას არ იქონიებს. თუ ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, 3%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალურია, შეიძლება მეტიც იყოს“.