(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით კონფერენცია - "საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები, გამოწვევები“ გაიმართა

20 ივნ '16

ამა წლის 20 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში,“ ორგანიზაცია "მოქალაქეს", "საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზებით,  კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ღონისძიებას ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ, მათ შორის, პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია.

ბიძინა ივანიშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და  ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე და წარსულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ეკონომიკის განვითარებაში ინვესტიციების როლი და ამ მიმართულებით თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდთან ერთად ახორციელებს, ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული.

”თანაივესტირების ფონდის ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაგაინტერესებთ და განავითარებთ ფასდაკლებით სიამოვნებით გადმოგცემთ და კიდევ დაგეხმარებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდთან კავშირში პროექტები, რომლის დაფუძნებაში მე გარკვეული წვლილი მაქვს, დაინტერესების შემთხვევაში, შეღავათიან ფასად გადმოგეცემათ. ჩემი ერთადერთი ინტერესი ამ პროექტებში გახლავთ ის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. არავითარი პირადული, გარდა ქვეყნის ინეტერესებისა, არ გამაჩნია. ერთადერთი ჩემი საზრუნავი ისაა, რომ მოვახერხოთ და როგორმე ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში ბიზნესს საშუალება ჰქონდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისაგან მიეღო დეტალური ინფორმაცია ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ და შეეფასებინა ისინი; თუმცა ბიზნესის მხრიდან წამოჭრილი იქნა ასევე ის საკითხები, რაც კვლავაც პრობლემად რჩება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზაზე, კერძოდ - ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშრებული რეგულაციები, სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები და სხვა.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, მსგავსი ეკონომიკურ-ბიზნეს ფორმატის შეხვედრები ხელისუფლებასა და საზოგადოების სექტორს შორის, მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს უყურებს, როგორც ბიზნესმენს, რომელმაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

„მე ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთადაა და  რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.