(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

7 დეკ '15

7 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან  ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა  გაიმართა.
შეხვედრა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ საკითხებს, მაკროეკონომიკურ  ტენდენციებს, ინფლაციის დონესა და არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბარს დაეთმო. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა  და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს, ერთგვარი ანგარიშიც წარუდგინა, რომელიც მოიცავდა ეროვნული ბანკის მიერ 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შეჯამებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო. „ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მცირედ ზრდას მომდევნო წლის პირველ კვარტლამდე გააგრძელებს და  სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდეტმა დღეს მედიასთან ეროვნული ვალუტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ლარის კურსში უკვე ასახულია "როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური კურსი მივიღეთ. „საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, კურსთან მიმართებაში, მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური კურსი მივიღეთ. რასაკვირველია, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ეკონომიკაზე, ქვეყანაზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე, თუმცა თუ შევხედავთ იმპორტ-ექსპორტის მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსი იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ჭირაქაძემ.