(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა თბილისის მერიის ხელმძღვანელ პირებთან

1 აპრ '16

დღეს, 1 აპრილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ქ. თბილისის მერიის ხელმძღვანელ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრას დედაქალაქის მერიიდან დაესწრნენ მერი, დავით ნარმანია, ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე,  ირაკლი ლექვინაძე, მერის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი, მერის მოადგილე,  ნინა ხატისკაცი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა  ბიზნესმენებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მერიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობას.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა  და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ დღესდღეისობით ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, რომელთან დაკავშირებით საჭიროა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა გაიგონ დედაქალაქის მერიის პოზიცია, - „ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ ყველა საკითხზე. ყველამ ვიცით, რომ არის თემები, დაგროვილია პრობლემები, ჩვენთვის მთავარია, რომ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ბიზნესს აქვს, რაც შეიძლება სწრაფად ხდებოდეს კომუნიკაცია და შეგვეძლოს ეს თემები გადავწყვიტოთ. ჩვენ ვიცით, რომ მერია და მერი ორიენტირებულნი არიან, რომ ეს საკითხები მოგვარდეს და დღეს სწორედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ", - აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.