საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქპატენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
18 ივნ '10
17 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელს, ზაზა ჭელიძეს და საქპატენტის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ღვალაძეს მასპინძლობდა.
შეხვედრის მიზანი, ერთი მხრივ ბიზნეს ასოციაციასა და საქსტატს შორის თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და მეორე მხრივ, საქპატენტსა და ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმება იყო.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა და ბიზნეს ასოციაციამ თანამშრომლობა 2010 წლის 12 მარტს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიწყეს, რომლის შესაბამისადაც შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
განვლილი პერიოდის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფმა ბიზნეს კომპანიებსა და საქსტატს შორის ურთიერთობაში არსებული ბარიერების, პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნდობის და გამოუპასუხებლობის პრობლემები.
ჯგუფმა ძირითად სამუშაო პრინციპად განსაზღვრა ორმხრივი ინტერესების გამონახვა და სტიმულირება, რის შედეგადაც, მომავალში ბიზნესს ექნება საშუალება საქსტატისაგან მიიღოს მათთვის აუცილებელი ინფორმაცია, სანაცვლოდ კი ითანამშრომლოს საქსტატთან და რეგულარულად მიაწოდოს შევსებული სტატისტიკური კითხვარები.
ზაზა ჭელიძემ მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში საქსტატს ჰქონდა საშუალება უშუალოდ კომპანიებისაგან, ცალკეული დარგობრივი ასოციაციებისაგან მიეღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და შეეთავაზებინა საკუთარი მომსახურება.
ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ვანო ბალიაშვილის განცხადებით, ბიზნესმენთათვის ხშირად აუცილებელია გარკვეული სტატისტიკური ინფორმაციის ფლობა, რაც დაეხმარება მათ სწორი სტრატეგიის შერჩევასა და დაგეგმვაში. სამუშაო ჯგუფმა ხელი შეუწყო საქსტატს და ბიზნესს, გაცნობოდნენ ერთმანეთის საჭიროებებს და პრობლემებს, გამარტივდა და დაზუსტდა სტატისტიკური კითხვარები, ჩამოყალიბდა მომავალი თანამშრომლობისათვის ნიადაგი.
შეხვედრის მეორე ნაწილში დამსწრეთა წინაშე მოხსენებით საქპატენტის გენერალური დირექტორი, ირაკლი ღვალაძე წარსდგა.
ბატონი ღვალაძის განცხადებით, საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრების და სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო აქტუალური ხდება და მზარდ მნიშვნელობას იძენს მეწარმეებისათვის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ისაკაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ასოციაციას საკმარისი რესურსი გააჩნია.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ისაკაძემ და ირაკლი ღვალაძემ ხელი მოაწერეს საქპატენტსა და ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ორი წლის ვადით გაფორმდა და ვადის გასვლისთანავე მისი მოქმედების ვადა ავტომატურად, იმავე დროით, პერიოდულად გაგრძელდება.