საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი წარადგინა
3 ივნ '10
3 ივნისს საქართელოს ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ღონისძიებაზე, ნიკა გილაური ბიზნესმენების წინაშე ახალი საგადასახადო კოდექსის პრეზენტაციით წარსდგა.
შეხვედრას ქართელ და უცხოელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის ელჩები საქართველოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედება, პრემიერ მინისტრის განცხადებით, 2011 წლიდან იგეგმება და მასში ასახვას ჰპოვებს არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რის შედეგადაც საგადასახადო ურთიერთობებში მანამდე არსებული პრობლემების დიდი ნაწილი აღმოიფხვრება.
ახალი კოდექსის ამოქმედება მიზნად ისახავს საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებას და საგადასახადო ნორმების გამარტივებას, ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობას და წახალისებას, საგადასახადო ტვირთის თანაბარზომიერ გადანაწილებას და საგადასახადო კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
დასაქმების ხელშეწყობისა და სიღარიბის დაძლევისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მოიაზრება ნოვაცია, რომელსაც კოდექსი მცირე მეწარმეებს სთავაზობს; კერძოდ, პირი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 30 000 ლარს, საერთოდ თავისუფლდება საგადასახადო ვალდებულებისაგან, ხოლო ის მცირე მეწარმეები, რომელთა წლიური ბრუნვა 30 000 - 200 000 ლარამდე შეადგენს, დაიბეგრებიან მხოლოდ ერთი - ბრუნვის გადასახადით და აღნიშნული გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 3-5% -ით;
როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილებების სისტემის დანერგვა.
უქმდება გადასახადების სავალდებულო ყოველთვიური გადახდა და დეკლარირება, ინერგება კეთილსინდისიერი გადამხდელის ცნება.
პრემიერის განცხადებით, უახლოეს მომავალში საგადასახადო კოდექსში გაერთიანდება დღეს არსებული საბაჟო კოდექსი, რაც მეწარმეთათვის კიდევ უფრო გაამარტივებს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას.
საერთო ჯამში კი, ახალი კოდექსი მაქსიმალურად ორიენტირებულია ეკონომიკის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიზნესის წახალისებაზე.
ნიკა გილაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კოდექსის პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე, ის აუცილებლად გახდება განხილვის და მსჯელობის საგანი ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენთან. კერძო კომპანიების წარმომადგენელთაგან ჩამოყალიბებულია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიიღებს და განიხილავს კოდექსთან დაკავშირებულ შენიშვნებს და მოსაზრებებს.