(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა

27 სექ '17

26 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

კომიტეტზე, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში შეტანილი 30 ივნისის ცვლილები განიხილეს, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან კომპანიების ნაწილს უჩნდებათ ბაზარზე ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირების ვალდებულება, ასევე, 13 მეგავატიდან 40 მეგავატამდე იზრდება დერეგულირეული ელექტროსადგურების ზღვარი.

ელექტროენერგიის წარმოება-გადაცემა-მიწოდების ტარიფებზე, ბაზრის არსებულ მოდელზე, პროცედურებზე და იმ წესებზე, რაც ელექტროენერგიის პირდაპირ შესყიდვას უკავშირდება, ისაუბრეს სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ, ესკოს გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ამბოკაძემ და სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატიული დაგეგმვისა და ხელშეკრულებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა მიხეილ თავბერიძემ.   

შეხვედრაზე დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მოსალოდნელ სირთულეებზე, რაც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლებად დარეგისტრირების შედეგად შეიძლება წარმოიშვას. ასევე, კომპანიებისთვის არ არის ნათელი, როგორი იქნება მოხმარება მიწოდების ბალანსი და რამდენად აისახება ეს ფაქტორი შესასყიდი ელექტროენერგიის საბოლოო ფასზე.

დასასრულს, კომიტეტის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე გამოკვეთილ პრობლემებზე მუშაობა გაგრძელდება ენერგეტიკის სამინისტროსთან, რათა ბაზრის ახალ მოდელზე  გადასვლა ბაზრის მონაწილეებისთვის უმტკივნეულოდ განხორციელდეს.