(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები გიორგი გახარიას შეხვდნენ

16 ოქტ '17

16 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი გახარიასთან.

მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, კერძოდ: ტურიზმი, ინოვაციები, საჰაერო მარშრუტები, აეროპორტების განვითარება, სტრუქტურული რეფორმები - საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზარის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის მიმართულება და ა.შ.

"იყო შეკითხვები ქონების მართვის მიმართულებით. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე, ექსპორტის წახალისებაზე", - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, ქონების მართვის მიმართულებით ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ყველაზე აქტიური კომუნიკაციაა და  შეკითხვები ორივე მხრიდანაა.

შეხვედრაზე განიხილეს ბიზნეს სახლის პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის იმ 600-მდე სერვისის მიწოდებას, რომელსაც დღეს სხვადასხვა უწყებები აწვდიან კომპანიებს. საუბარი, ასევე, შეეხო სააგენტო "აწარმოე საქართველოში’’ მიმდინარე ინოვაციებსა და  სააგენტოს რებრენდინგს.

"ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორის და ხელისუფლების თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს და ხელშემწყობი იქნება როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე სამომავალო განვითარებისთვის" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.