(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

5 დეკ '17

2017 წლის 5 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან გიორგი მიქაუტაძესთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე და მთლიანად ბიზნეს გარემოზე.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი კომერციული პალატების საქმიანობისა და განხილული საქმეების სტატისტიკის შესახებ.

დახურულ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ხვდებათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მათ ესმით ბიზნესის პრობლემები და აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა.

"ჩვენ რამდენიმე თვის წინ პირველი პრობლემა რისი იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ იყო ის, რომ მოვუსმინეთ ბიზნესს, გავიგეთ, რა პრობლემები აქვთ სასამართლოში, კერძოდ გაჭიანურებული საქმეები. ლეგიტიმურია კითხვები მოსამართლეთა კომპეტენციის შესახებ. თანამედროვე ბიზნესის გარემო სწრაფად ვითარდება, მოსამართლეებიც უნდა აჰყვნენ ამ ტემპს. ჩვენ ვფიქრობთ რომ ვიწრო სპეციალიზაცია საშუალებას მოგვცემს სწორი გადამზადების კურსი დავგეგმოთ", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეხვედრაზე ძირითად განსახილველ საკითხებს შორის, ასევე, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვა და გეგმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად; დისციპლინური სამართალწარმოება; მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები; სასამართლო სისტემაში საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის სრულყოფილად ამოქმედების ვადები და სხვ.