(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

ასოციაციის  წევრების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

11 დეკ '17

2017 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ მნიშნელოვან ინიციატივებსა და რეფორმებზე, რომელსაც მომავალი წლიდან გეგმავს ფინანსთა სამინისტრო.

"შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნესს გავაცანით ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის, რადგან იგი, დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. დღგ-ის რეფორმა გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება,“ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრი  საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსაც გამოეხმაურა და საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.