(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ბიზნესგარემოს შესახებ კვლევა გააცნო

1 თებ '18


2018 წლის 31 იანვარს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან.

შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციამ წარმოადგინა კვლევა - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“. კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა - საქართველოს წამყვანმა,მსხვილმა კომპანიებმა - შეაფასეს ქვეყნის ბიზნესგარემოს სხვადასხვა კომპონტენტი - მაკროეკონომიკური გარემო, სასამართლო სისტემა, სამართლებრივი ჩარჩო, საგადასახადო გარემო და შრომის ბაზარი. 

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საქართველოს ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობა კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენისა და ადვოკატირების გზით.

კვლევის მიხედვით კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო ხელსაყრელია ყოველდღიური საქმიანობისა და გრძელვადიანი განვითარებისთვის. გამორჩეულად დადებითად შეფასდა ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა, საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც კომპანიების აზრით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს ბიზნესგარემოს, თუმცა არის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

"კვლევის ძირითადი მიზანი იყო, რომ გამოგვეკითხა ბიზნესასოციაციის წევრები, გაგვეგო, რას ხედავენ ისინი, რა მიღწევებია, არის თუ არა სხვადასხვა პრობლემები. საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა. ბევრი საინტერესო მიღწევაა. არის ასევე საკითხები, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან მეტი კონცენტრირების საჭიროებაა. მიზანი არის ის, რომ არსებობდეს მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, ხელისუფლება უკეთ ხედავდეს, თუ როგორ აფასებს ბიზნესი ქევაყანაში არსებულ სიტუაციას. მთავარი, რაც ჩვენ დავინახეთ, არის ის, რომ ზოგად გარემოს ბიზნესი აფასებს დადებითად. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში, მაგრამ რასაკვირველია, არსებობს თემები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფომ",- განაცხადა ჭირაქაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელი, მთლიანობაში, დაგეგმილზე მაღალი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა. 

"ზრდის მაჩვენებლები იყო დაგეგმილზე მაღალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით; მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა ბიზნესსექტორის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზე მუშაობაც, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაგრძელდება.