(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის წევრების შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მურთაზ კიკორიასთან

25 აპრ '18

2018 წლის 24 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მურთაზ კიკორიას შეხვდნენ.

სხდომაზე განიხილეს ის ძირითადი რეგულაციები, რომლის შემოღებასაც საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს უახლოეს მომავალში. კერძოდ, წევრების განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 7 მაისიდან საბანკო და არასაბანკო სექტორისთვის კრედიტების გაცემის პროცედურა გართულდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში” ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს ხედავენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, მსგავსი რეგულაცია უარყოფითად  აისახება  ბიზნესგარემოზე და შეამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპს.

სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნულ ბანკს ახალ რეგულაციებთან და შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეჯერებულ კომენტარებს წარუდგენს.