(+995 32) 2 202-215

სიახლეები

გერმანია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

7 ივნ '18

2018 წლის 7 ივნისს  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების  ორგანიზებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

აღნიშნული ფორუმი ჩატარდა 2017 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს   მსხვილი გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებითა და არსებული ბიზნესგარემოთი. ქართულ ბიზნეს-სექტორს საშუალება ჰქონდა პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გაემართა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ემსჯელა.

ფორუმზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციის დირექტორმა უტე კოხლოვსკი-ქაჯაიამ.

ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ლოგისტიკა, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა და მშენებლობა, კვების მრეწველობა და სხვ.

ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, რომელმაც საქართველოს  საინვესტიციო პოტენციალის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. პრეზენტაციები, ასევე, ჩაატარეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ლალაზაშვილმა, რომელმაც ქვეყნის საგადასახადო სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია მონაწილეებს და ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მარიმ, რომელმაც სამშენებლო სექტორზე ისაუბრა.

ფორუმის მეორე ნაწილში გაიმართა თემატური  პრეზენტაციები  გერმანული და ქართული კომპანიების შესახებ. დამსწრეებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

როგორც ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.