(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან

3 ოქტ '18

2018 წლის 3 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში ბიზნეს  ასოციაციას პირველად შეხვდა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს  საერთაშორისო არბიტრაჟთან და ელექტრონულ რეზიდენტობასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნო.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს შევხვდეთ, ვისაუბროთ არსებულ მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე, ასევე ჩვენს გეგმებზე. კარგია, რომ შეხვედრა დაემთხვა მთავრობის დღევანდელ სხდომას, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ორ ახალ ინიციატივაზე. მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივებია,” აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ასოციაციის წევრებმა გაჟღერებული ინიციატივები დადებითად შეაფასეს იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება და დავების გაჭიანურება დღეს ბიზნესისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის ტოპ ხუთეულში იყოს . „ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ ტოპ ხუთეულში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ რეფორმას, თუ რამდენად დაგვეხმარება ტოპ-ხუთეულსა და ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში. საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს კერძო სექტორის მეშვეობით და მზად ვართ ის წარმატებები, რომლებიც გვაქვს, გავაუმჯობესოთ,” განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ბიზნესმენებს ასევე საბაჟო კოდექსში, განათლებაში, მწვანე ეკონომიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე ასევე, კონკრეტულ რეგულაციებსა და დაგეგმილ ტექნიკურ რეგლამენტებზე, მათ შორის სათამაშო ბიზნესის სფეროში დაგეგმილ რეგულაციებსა და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონზე, ასევე, სექტორულ საკითხებზე ენერგეტიკის, მშენებლობის მიმართულებებით.