(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან

10 მაის '19

8 მაისს, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა  საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა რიგით მეორე შეხვედრა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, ბიზნესისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე წარიმართა. პრემიერ მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი, ბიზნეს ომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი.

შეხვედრაზე დროის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ ინფორმაცია დაგეგმილი სიახლეებისა თუ არსებული გამოწვევების შესახებ. პრემიერ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და კერძო სექტორის ჩართულობაზე პროფესიული განათლების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან წამოჭრილ, აქტუალურ საკითხებს შორის კი გახლდათ საბანკო რეგულაციები, პრივატიზაციის პროცესი, ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და სხვა.

 „ჩვენი კმაყოფილების ხარისხი იმით იზომება, თუ რამდენად კმაყოფილნი იქნებიან წევრები იმ პასუხებით თუ გადაწყვეტილებებით რაც მოისმინეს. ყველაზე მნიშვნელოვანი, არამარტო ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობაში, არამედ ზოგადად, არის კომუნიკაცია ნებისმიერ ორ სფეროს, თუ ორ დარგს შორის. ამ შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც არის ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ქვეყანაში, ვფიქრობ ყველაზე ეფექტურ და პოზიტიურ როლს ასრულებს და არის ერთგვარი ხიდი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.