(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება

26 ივნ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის  რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ არჩეულნი.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების იმ გულწრფელ და სამართლიან პროტესტს,  რაც რუსეთის ფედერაციის დუმის წარმომადგენლების მიერ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი თანამდებობის პირის ადგილის დაკავებას მოჰყვა. ამავდროულად, ასოციაციის წევრები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა თანამემამულე შეწუხებული ვართ იმ ტრაგიკული მოვლენებით, რაც 20 ივნისის საღამოს რუსთაველის გამზირზე განვითარდა.  ბუნებრივია, ყველასათვის მძიმე სანახავი იყო დასისხლიანებული და დასახიჩრებული ახალგაზრდების, შეურაცხყოფილი და ნაცემი ჟურნალისტებისა თუ პოლიციელების ხილვა.

ამასთან, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რეალობასთან შეუსაბამოდ გვეჩვენება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის რეაქცია და გადაწყვეტილება საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტისა და რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობისას სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნის შესახებ.  ასევე არ გამოვრიცხავთ რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის ექსპორტის დროებით შეზღუდვას, მათ შორის, ქართული ღვინის საწინააღმდეგოდ გარკვეულ ქმედებებს. ასეთი ტიპის ნაბიჯები დამატებით პრობლემებს გააჩენს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებში და ორმხრივად დამაზიანებელი იქნება რიგითი მოქალაქეებისთვის.

საქართველო და ქართველი ხალხი მუდამ გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და სტუმარმასპინძლობით და ყოველთვის მივესალმებით რუსეთის ფედერაციისა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. სრულიად ნათელია, რომ რუს ტურისტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ საქართველოში სტუმრობისას და დარწმუნებული ვართ, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად ჩაივლის და ტურისტული ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან გაგრძელდება.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები აცნობიერებენ იმ მოკლევადიან ეკონომიკურ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა. შესაბამისად, მზად ვართ, გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი რათა მაქსიმალურად შემსუბუქდეს ამ ქმედებების ნეგატიური ეფექტი ქართულ ეკონომიკასა და  ბიზნესზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას,  საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა, რითაც დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყანა დაძლევს ამ მოკლევადიან გამოწვევებს."