(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ეკონომიკური გუნდის წევრებთან

25 ივლ '19

24 ივლისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნიკოლოზ ალავიძე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, ხელმძღვანელი პირების სახით, კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი ბაქარ მარუაშვილი, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე მექვაბიშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო უწყების გეგმები რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მსჯელობა გვქონდა 20 ივნისის კრიზისის შემდგომ ქართულ ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ინვესტიციების სფეროში, ინვესტორების მოლოდინებზე, საინვესტიციო გარემოზე და დავსახეთ გეგმები, როგორ გადავლახოთ ეს ერთობლივად - ნეგატიური ზემოქმედება უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმის სექტორზე ზემოქმედება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ სხვა თემებსაც, მათ შორის, ლარის გაუფასურებას, პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების საინვესტიციო პოტენციალს, იმ ახალ რეგულაციებს, რომლებზეც საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებები მუშაობენ. აღინიშნა, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს აქტიური ჩართულობა, კერძოდ, მნიშვნელოვანია, წინასწარ შეფასდეს ის მოსალოდნელი ეფექტი, რომელიც ამ რეგულაციების ამოქმედებამ შესაძლოა ბიზნესზე იქონიოს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეთავაზებით, ეთობლივად დაიწყება ასოციაციასა და სამინისტროს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტზე მუშაობა, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა განსაზღვროს ახალი რეგულაციების მიღების როგორც მინიმალურად აუცილებელი პროცედურები, ასევე, ამოქმედების ვადები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. კერძოდ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირს, ვიცე-პრეზიდენტებს კახაბერ ჭუმბურიძეს და აკაკი ალადაშვილსა და ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე 8 კლუბის (დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, გორის „დილა“, საბურთალო, ვიტ ჯორჯია, ლოკომოტივი, ტორპედო, ჩიხურა) ხელმძღვანელებს. შეხვედრის ძირითადი თემები იყო სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ხელშეწყობა, სფფ-ს პროექტები, უეფას და ფიფას სტრატეგია წევრი ქვეყნებისთვის და ევროტურნირების ფინანსური სტრუქტურა და, ასევე, ქართული კლუბების ეკონომიკური პოტენციალი.