(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  კომპანია “ანაგი”  შემოუერთდა

18 ოქტ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  კომპანია “ანაგი”  შემოუერთდა.

“ანაგი” უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.

“ანაგის” ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.

2011 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა - ISO 9001. 2017 წელს “ანაგმა” წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი, ხოლო 2019 წელს, „ანაგი“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო მის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შესაბამისად, მოეპოვებინა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას გააჩნია 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება. დღესათვის კომპანიაში დასაქმებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.

“ანაგის” მთავარი მიზანია დამკვეთის წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება, რაც კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას განაპირობებს.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს “ანაგი” სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:

•           საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო დანიშნულების ობიექტების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას;

•           ინტერიერის დიზაინს და შიდა სამუშაოების შესრულებას;

•           გარე მოპირკეთების სამუშაოების წარმოებას;

•           საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს;

•           ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას;

•           ლაბორატორიულ მომსახურებას საშენი მასალების და ნაკეთობების ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად;

•           კონსულტაციებს ორგანიზებასთან, ტექნოლოგიებთან, სამართლებრივ პროცედურებთან და დარგის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით.