(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და რუსთაველის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 ოქტ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა.

მემორანდუმს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ  და რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია საქართველოში. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სამეცნიერო-აკადემიურ სექტორსა და ბიზნეს სექტორს შორის ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობისათვის, ბიზნეს სექტორის სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების კულტურის განვითარებისათვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევების და ინოვაციების პროგრამა - „ჰორიზონტი 2020“ -ის პოლიტიკის მხარდამჭერი სტრუქტურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით გამარჯვებული პროექტების წარდგენა ბიზნეს კომპანიებისთვის და სამეცნიერო პროექტები, რომელთა კომერციალიზაციაც ეფექტური და მომგებიანი იქნება, ბიზნეს-პროექტებად იქცევა. პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია, კვლევების დაყვანა კომერციულ ტრანსფერებამდე, მეცნიერებასა და ეკონომიკურ სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და რუსთაველის ფონდის ორგანიზებით, 5 ნოემბერს გაიმართება რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გამოყენებითი კვლევების, პროექტების პოსტერული გამოფენა- პრეზენტაცია.