(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG-ის წევრი კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეცვლილია - 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები ინვესტიცია განხორცილედება

5 აგვ '20

BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 43% აცხადებს, რომ 2020 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2019 წელთან შედარებით ნაკლები იქნება, ზრდას კი გამოკითხულთა 29% პროგნოზირებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლის ბოლოს არსებულ გეგმებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის ბოლოს, რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი არაპროგნოზირებადი გარემო და ეკონომიკური ცვლილებები პირდაპირ აისახა საინვესტიციო გეგმებზე. შედეგად, 2020 წლის ივლისში კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც ინვესტიციების ზრდას გეგმავენ, 59%-დან 29%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: 2020 წლის საინვესტიციო გეგმების ცვლილება

პანდემიის თანმდევი ეკონომიკური კრიზისის ეფექტი იგრძნობა ყველა სექტორში (კვლევის მიზნებისთვის კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა). ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ინვესტიციები გაზარდა. ხოლო 2020 წელს ინვესტიციების ზრდას (2019 წელთან შედარებით), ვაჭრობაში ჩართულ კომპანიათა მხოლოდ 32% გეგმავს (გრაფიკი 2). სამშენებლო სექტორში ანალოგიური მაჩვენებელი 71%-დან 43%-მდე შემცირდა, მომსახურების სექტორში 64%-დან 23%-მდე, ხოლო მრეწველობის სექტორში მიმდინარე წელს ინვესტიციების ზრდას გამოკითხულთა 33% გეგმავს. 

გრაფიკი 2: კომპანიათა წილი, რომელთაც 2019 წელს ინვესტიციები გაზარდეს (2018 წელთან შედარებით) და 2020 წელს ინვესტიციების წლიურ ზრდას პროგნოზირებენ

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, გარდა ინვესტიციებისა, BAG-ის წევრი კომპანიები, ასევე, აფასებენ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს; გაყიდვების ფასების, გაყიდვების/ბრუნვის/მოთხოვნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას გასულ კვარტალში და მოლოდინს მომდევნო კვარტლისათვის.  ასევე BAG-ის წევრები ასახელებენ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და აფიქსირებენ ლარის გაცვლით კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს და ყოველკვარტალურად აქვეყნებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.