(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი გაუარესდა და აღმასვლისა და რეცესიის ზღვარზე აღმოჩნდა

28 დეკ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, BAG ინდექსის მეოთხე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს.

კვლევის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი გაუარესდა. ბიზნეს კლიმატი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინის კომბინაციაა. აღნიშნულ პერიოდში გაუარესდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ასევე მოლოდინის შეფასება. კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი -19.0-დან -30.0-მდე შემცირდა. თუმცა, გაუარესების მიუხედავად, ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს (მომდევნო ექვსი თვის მოლოდინმა 21.8-დან 6.5-მდე იკლო). შედეგად, ბიზნეს კლიმატი აღმასვლისა და რეცესიის ზღვარზე  აღმოჩნდა.

 

 

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2020 წლის IV კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის ნეგატიურია, მრეწველობის სექტორის გარდა. ეს კი მრეწველობის სექტორში არსებულმა უაღრესად პოზიტიურმა მოლოდინმა განაპირობა. რაც შეეხება მრეწველობის სექტორის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, იგი წინა კვარტლის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ ნეგატიურია.

 

არსებულ ბიზნეს კლიმატს უარყოფითად აფასებენ ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორები. წინა კვარტალთან შედარებით, მიმდინარე კვარტალში ამ სექტორებში როგორც არსებული მდგომარეობის შეფასება, ასევე მოლოდინიც გაუარესდა. არსებული მდგომარეობა ყველაზე ნეგატიურად მშენებლობის სექტორში წარმოდგენილმა კომპანიებმა შეაფასეს. ხოლო მოლოდინმა სამივე სექტორში თითქმის თანაბრად იკლო. საინტერესოა, რომ მომსახურებისა და მშენებლობისაგან განსხვავებით, ვაჭრობის სექტორმა მოლოდინი მცირედ პოზიტიურად შეაფასა. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა და ასახავს დროის ამ პერიოდში არსებულ განწყობებს.

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, გარდა მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასებისა, BAG-ის წევრი კომპანიები, ასევე აფასებენ გაყიდვების ფასების, მოთხოვნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას,  ასახელებენ თავიანთი საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს და აფიქსირებენ ლარის გაცვლით კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს. სწორედ ამიტომ, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.