(+995 32) 2 202-215

სიახლეები

"უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

26 თებ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს.  შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში  ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ რეაბილიტაციაზე საუბარი ნაადრევი იქნება. 
 
ასევე კომპანიების მიერ ცალკე გამოიყო კომენდანტის საათის პრობლემა, რადგან კომენდანტის საათი ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესზე, იწვევს რა მთელი რიგ ობიექტური ხასიათის პრობლემებს, მათ შორის ზრდის ბიზნესის ოპერირების ხარჯებს, რაც პანდემიის გამო კომპანიებში არსებული ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობის ფონზე დამატებით მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს.
 
ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თავის მხრივ,  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის მხარდაჭერის  მარკეტინგული სტრატეგია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობაზეა გამახვილებული. ასევე, საუბარი შეეხო კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას, პოსტ-კოვიდური საერთაშორისო მოგზაურობის უახლეს ტენდენციებსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
 
მედეა ჯანიაშვილის თქმით, მიმდინარეობს ტურიზმის, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება პოსტკოვიდურ პერიოდში.
 
„ზოგადად ბიზნეს სექტორისა და ჩვენი წევრი კომპანიებისთვის ამ რთულ პანდემიურ ვითარებაში, უკიდურესად აუცილებელია, კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით, 23:00 საათამდე გადაწევა, ვინაიდან ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა, ისედაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებელია გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ ვითარების შესამსუბუქებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების ასევე ამ კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.