(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ინდექსი: საინვესტიციოდ არახელსაყრელი 2020 წლის შემდეგ, მიმდინარე წელს კომპანიები ინვესტიციების ზრდას გეგმავენ

2 აპრ '21

BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება, კლებას კი გამოკითხულთა მხოლოდ 11% პროგნოზირებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საინვესტიციო აქტივობა მიმდინარე წელს სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა.

გრაფიკი: საინვესტიციო გარემო 2019 და 2020 წლებში და 2021 წლის გეგმები (წლიური პროცენტული ცვლილება).

2020 წელს, პანდემიის თანამდევი სირთულეების გავლენა იგრძნობოდა ყველა სექტორში (კვლევის მიზნებისთვის კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა). ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა 44%-მა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ინვესტიციები შეამცირა. აღნიშნული მაჩვენებელი მშენებლობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში შესაბამისად  36%-ს, 34%-სა და 6%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წელს ინვესტიციების კლების ტენდენცია შემსუბუქდება. ვაჭრობის სექტორში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი გეგმავს ინვესტიციების ზრდას. მსგავსი მდგომარეობაა მრეწველობისა და მომსახურების სექტორებშიც. ხოლო სექტორებს შორის ყველაზე პესიმისტური მოლოდინი 2021 წელთან დაკავშირებით მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა 2021 წლის პირველი კვარტლის შუა პერიოდში ჩატარდა, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ბიზნესის მოლოდინი განსაკუთრებით პოზიტიური იყო. შეზღუდვების ხელახალი გამკაცრების პირობებში, ამჟამად არსებული გეგმების ცვლილებას უნდა ველოდოთ. მაგალითისთვის, 2019 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. თუმცა, პანდემიის პირობებში, 2020 წელს, ინვესტიციები გამოკითხულთა მხოლოდ 35%-მა გაზარდა.

ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გეგმებს აჯამებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.