(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიისათვის კოვიდპანდემიით გამოწვეული ზარალის შესაძლო კომპენსირების საკითხზე იმსჯელეს

4 ივნ '21

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს სექტორში არსებული პრობლემები, რომელთა უმრავლესობა განსაკუთრებით პანდემიის ფონზე გამწვავდა. აღინიშნა, რომ კომპანიები ვერ სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის #619 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებებით, რაც სამშენებლო მასალებზე ფასების გაზრდის შედეგად ნეგატიურად აისახა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ის ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა, რომელთა მოგვარებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ინფრასტრუქტურულ პროექტების განმახორციელებელი კომპანიები ბიზნეს ასოციაციებთან ერთად უახლოეს პერიოდში მოამზადებენ და წარუდგენენ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს.

"დღეს ბიზნესოპერატორებს საქმიანობის პრაქტიკულად შეჩერება უწევთ იმ წნეხის გამო, რაც მსოფლიო ბაზრებზე კოვიდპანდემიის შექმნილი მდგომარეობის შედეგად სამშენებლო მასალების ფასებთან დაკავშირებით შეიქმნა. საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება, რათა კომპანიები არ გაკოტრდნენ და არ დაიკარგოს ათასობით სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისათვის იმ შეპირების განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე გასცა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი . ჩვენის მხრივ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააგრძელებს მუშაობას პრობლემაზე და უახლოეს მომავალში კონკრეტული მექანიზმებს წარუდგეს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს "- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.