(+995 32) 2 202-215

სიახლეები

“ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ სამშენებლო ინდექსებს უნდა ეფუძნებოდეს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

8 ივნ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის #619 განკარგულებაზე და იმ პრობლემაზე, რაც ბიზნეს ოპერატორებს განკარგულების აღსრულებისას ექმნებათ. შედეგად, მიუხედავად განკარგულების ამოქმედებიდან გასული ერთწლიანი პერიოდისა, ჯერ-ჯერობით ვერცერთმა კომპანიამ ვერ ისარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული კოვიდპანდემიის მიერ გამოწვეული სამშენებლო მასალების ფასების ზრდის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციით.

წარმოდგენილი პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუშავდება ალტერნატიული მექანიზმები, მათ შორის შორისაა პროექტების ღირებულების ინდექსაცია. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციების მიერ ერთობლივ შეხვედრაზე მოწვეულ იქნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები, რომლის ფარგლებში სამშენებლო სექტორში წარმოდგენილ წევრ კომპანიებს, შესაძლებლობა მიეცათ საქსტატის ხელმძღვანელისგან, გოგიტა თოდრაძისგან მიეღოთ ინფორმაცია სამსახურის მიერ სექტორში წარმოებული ინდექსების (მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი) მეთოდოლოგიისა და ისტორიული მონაცემების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრმა კომპანიებმა შესაძლებლად მიიჩნიეს წარმოდგენილი ინდექსების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების მიზნებისთვის გამოყენება, ამასთან აღინიშნა, რომ ინდექსების წარმოებას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი დამკვეთი ორგანიზაციებს ნდობას იმსახურებს.

„დღეს შეხვედრა გაიმართა საქსტატთან, სადაც სექტორში მომუშავე კომპანიებმა პირველწყაროდან მიიღეს ინფორმაცია სამშენებლო სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ და, აქვე, მადლობას ვუხდით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ბიზნეს ასოციაცია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან ერთად განაგრძობს მუშაობას სამშენებლო სექტორში დაგროვილ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის კონკრეტული წინადადებები შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს უახლოეს პერიოდში მიეწოდება“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.