(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

25 ივნ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი მარრის მოსაზრებით, ბიზნესმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან სექტორში არსებული პრობლემებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვინაიდან ტურისტულ ნაკადს, რომელიც ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად ფიქსირდება სჭირდება შესაბამისი მომსახურების მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული განვითარების კუთხით.

 

კომიტეტის ფარგლებში ასევე განიხილეს ტურისტული მოსაკრებელის საკითხი, ე.წ. „ტურისტული გადასახადი“, რომელიც თავის თავში მოიცავს, ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს, რომელიც ფართოდ არის აპრობირებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

 

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს, ვინაიდან ტურისტული სეზონი ძალაში შედის და შემოსული ტურისტების ნაკადს უნდა მიეწოდოს შესაფერისი სერვისები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხრივ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ შეხვედრების გამართვას ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს პოზიციების შეჯერება და პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთიანი მიდგომის შემუშავება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.