(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირებს ვაქცინაციისკენ

20 აგვ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ვაქცინაციის პროცესი და მიესალმება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ზრდას, რადგანაც ვაქცინაციის გარეშე კოვიდპანდემიის დასრულების სხვა ალტერნატიული საშუალება მსოფლიოს არ გააჩნია. 

როგორც ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შეზღუდვის მიმართ ბიზნეს სექტორი ძალიან სენსიტიურია, რადგან შეზღუდვები პირდაპირ ისახება კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, მოხარულნი ვართ, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა კოვიდპანდემიით გამოწვეული მწვავე მდგომარეობა შედარებით შეამსუბუქა და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო დღეებში ვითარება დასტაბილურდება“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია PMC კვლევით ჯგუფთან ერთად უმოკლეს პერიოდში შეაჯამებს და საზოგადოებას გააცნობს BAG ინდექსის III კვარტლის შედეგებს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბიზნეს სექტორის დამოკიდებულება დასაქმებულთა ვაქცინაციისა და იმ წამახალისებელ თუ სავალდებულო ღონისძიებების შესახებ, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში მომხმარებელთა და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმართავენ. 

უდაოა, რომ არავაქცინირებული ადამიანები უკიდურეს საფრთხეს უქმნიან არამარტო საკუთარ თავს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებენ მათ ირგვლივ, მათ სოციუმში მყოფი სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადების ტექსტშია ნათქვამი „ვაქცინაცია არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, მის გარშემო მყოფი ადამიანებისა და ქვეყნის მომავლის წინაშე. ქვეყანაში არსებული გამწვავებული კოვიდპანდემიის ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება, რათა გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე და ხელი შევუწყოთ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობას“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოუწოდებს და სთხოვს ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.