(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი ,,ეარ მენეჯმენტ სისტემსი“ გახდა

5 ოქტ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგები განაგრძობს ზრდას, ამჯერად მას კომპანია „ეარ მენეჯმენტ სისტემსი“ შეუერთდა, რომელიც სავენტილაციო კომპონენტების, ჰაერსატარების, ფასონური ნაკეთობების, ცხაურების, მაყუჩებისა და დემფერების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოა. კომპანია სხვადასხვა ტიპის, ფორმისა და სირთულის ქართულ ხარისხიან პროდუქციას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს.
 
კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015-ის შესაბამისად, დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და მინიჭებული აქვს სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
 
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოება წარმოადგენდა, თუმცა 2021 წლიდან არსებული რესურსების ოპტიმიზაციითა და მოტივირებული პროფესიონალი გუნდის მეშვეობით განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და MEP სექტორში ძლიერი პოზიციონირება მოახდინა.
 
დღეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს, რომლის შესრულება ხდება ხარისხიანად, წინასწარ შეთანხმებულ ბიუჯეტსა და დადგენილ ვადებში.
 
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება კიდევ ერთ ახალ წევრს. „ეარ მენეჯმენტ სისტემსის“ მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ქმნის პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან BAG-ის წევრი კომპანიები გამოირჩევიან მაღალი სტანდარტებითა და მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანი და პროდუქტიული იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 20-მდე ახალი წევრი შეუერთდა. დღეის მონაცემებით, BAG აერთიანებს 100-ზე მეტ კომპანიას, აღსანიშნავია, რომ წევრების უმეტესობა ჰოლდინგური ტიპის ჯგუფებია და მთლიანობაში 800-ზე მეტ კომპანიას მოიცავს.