(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

12 ნოემ '21

ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მსჯელობის საგანი. განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად გამოკვეთა ელექტროენერგიის მოხმარების უბალანსობასთან დაკავშირებული რისკები. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს კანონმდებლობის დონეზე დასაშვები ცდომილების განსაზღვრის შესაძლებლობებზე. ასევე, ჯგუფებში გაერთიანების გზით უბალანსობის შემცირების და, შესაბამისად, უბალანსობის აღმოფხვრის ხარჯის მინიმიზაციის გზებზე. 
 
კომიტეტის ფარგლებში საუბარი შეეხო ფასის დადგენის დეტალებს. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა დააფიქსირეს წუხილი ელექტროენერგიის საბოლოო ფასში სისტემური ხარჯების ჩართვის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით. ხოლო სხდომის დასასრულს, დისკუსია გაიმართა ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის პირობების დაზუსტების აუცილებლობაზე. კერძოდ, როგორიცაა ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების სინქრონიზაცია და ორმხრივი ხელშეკრულებების მარეგულირებელ ნორმები. 
 
„კომიტეტის ფარგლებში ვიმსჯელეთ ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავებისათვის საჭირო ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო გარანტიებსა და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შექმნის საკითხს, ასევე, ბაზრის მონაწილეთა გადამზადების აუცილებლობას. კომიტეტის სხდომაზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ დაფიქსირებული მოსაზრებების საფუძველზე ასოციაცია შეიმუშავებს საერთო პოზიციას, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.