(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საპენსიო ფონდის აქტივების განთავსების პოლიტიკა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საპენსიო სააგენტოს შეხვედრის მთავარი თემა

30 ნოემ '21

კერძო სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობები, კერძოდ საპენსიო ფონდის აქტივების დაბანდების საკითხი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს განხილვის თემა. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს 2023 წლიდან უფართოვდება კერძო სექტორში აქტივების განთავსების უფლება, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით პორტფელის დივერსიფიკაციის კარგ შესაძლებლობას  იძლევა. საუბრის თემაც სწორედ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირება და კანონდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების განხილვა იყო.

როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა, „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გავაქტიურდებოდით კერძო სექტორთან მიმართებით და ეს არის პირველი ნაბიჯი. საკმაოდ კარგი ფორმატია, რადგან ბიზნეს ასოციაციაში ბევრი ქართული კომპანია შედის. ამ ეტაპზე ბანკებში ვართ მთლიანად ინვესტირებული, თუმცა ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ სხვა, მათ შორის, კაპიტალიზაციის ინსტრუმენტებს და პირველად ბაზარს. სწორედ ამის იმედი გვაქვს მეტწილად, რადგან მეორად ბაზარზე ლიკვიდურობა ძალიან დაბალია. ყველა ემისიას შევხედავთ და ყველა ბაზარზე გამოსულ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტს განვიხილავთ“.

აღსანიშნავია, რომ საუბარი ასევე შეეხო ინფლაციის დონეს და იმ გამოწვევებს, რომელსაც იგი ქმნის დანაზოგებისთვის, თუმცა საპენსიო სააგენტოს დირექტორის, გიორგი დანელიას თქმით, „ამონაგები ინფლაციას აღემატება. ზოგადად მაღალი ინფლაცია ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია გამოწვევაა დანაზოგებისთვისაც, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს კლებას და როგორც შექმნის დღიდან დღემდე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამონაგები უფრო მეტი იქნება ვიდრე ინფლაცია“.

შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, გამოეხმაურა, რომელიც განხილვას ესწრებოდა: „ჩვენ ყურადღებით გავეცანით საპენსიო სააგენტოს შემოთავაზებას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ერთიანი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საპენსიო ფონდის აქტივების დაბანდებაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი წევრები დაინტერესდებიან აღნიშნულ პროცესში ჩართულობით, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.