(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ინდექსი: გამოკითხულ კომპანიათა 60%-ზე მეტი თვლის, რომ პოტენციურ დასაქმებულებს არასაკმარისი ცოდნის დონე აქვთ

21 დეკ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის პერიოდული კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.

არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.

სამუშაო ძალის არასაკმარისი ცოდნის დონის პრობლემასთან გასამკლავებლად კომპანიები საკუთარი ძალით ცდილობენ კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას. გამოკითხულთა 82%-ზე მეტი კადრებს სამუშაო ადგილზე ასწავლის. ამავდროულად, კომპანიათა თითქმის ნახევარი (44.3%) გარე ტრენინგ-ცენტრების რესურსსაც იყენებს. ამას გარდა, კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, ნაწილს კი საკუთარი სასწავლო ცენტრი აქვს.

არასაკმარისი ცოდნის დონის გამო, კომპანიებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება უჭირთ - გამოკითხულთა 47.6% ამბობს, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება განსაკუთრებით რთულია.  მაშინ როცა გამოკითხულთა 55%-ის შეფასებით, დაბალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება არ წარმოადგენ სირთულეს ან მცირე სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საერთო ჯამში, მიმდინარე კვარტალში ჩატარებული გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს შრომითი რესურსების მოძიების საკითხის პრობლემურობას - გამოკითხულთა 51.4% ამბობს, რომ სირთულე ექმნება  საჭირო კადრების მოძიებისას. გამოკითხულთა 39.3%-ისთვის კი პროცესი ნაწილობრივ არის სირთულეებთან დაკავშირებული. საჭირო კადრების მოძიებისას სირთულეები მხოლოდ გამოკითხულთა 9.3%-ს არ ექმნება.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, რომელიც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სხვადასხვა საკითხს იკვლევს. კვლევის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ასოციაციის ვებ-გვერდზე. იხ. კვლევის ბმული.