(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, თურქეთთან ფარმაცევტული „ბაზრის გახსნა“ გონივრული და დროული ნაბიჯია

10 იან '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული გამოწვევების შესწავლას და წევრი კომპანიების საჭიროებებისა და გამოწვევების გაანალიზებას. ასოციაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა თურქეთთან „ბაზრის გახსნასთან“ დაკავშირებით გონივრული და დროული ნაბიჯია.

„რეფორმის გატარების დროს აუცილებელია ყველა მხარის ინტერესები იქნას დაცული და გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის გადახედვა და შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გათვლილი იქნება როგორც მოქალაქეებზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებზე. მოხარულნი ვართ, რომ მედიკამენტების ხარისხისა და ღირებულების რეგულირების პროცესში ჩართულია კონკურენციის სააგენტო, რომელიც დეტალურ ინფორმაციას ფლობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს  „ბაზრის გახსნის“ აუცილებლობის საკითხზე იმსჯელეს, რაც თანაბრად სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებდა როგორც ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს, ასევე მოსახლეობას, რომელიც შეძლებს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტების მიღებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცესი დინამიურად და კონსტრუქციულად წარიმართება, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისა და მთლიანად ბიზნესისთვის, რადგან აუცილებელია ბიზნეს ჰქონდეს დაცულობისა და სამართლიანობის შეგრძნება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის დროს“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.