(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმსჯელეს

11 თებ '22

ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების პროექტზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებები, რომლებიც რიგი პროდუქტების მიმართ, ენერგოეტიკეტირების სავალდებულო მოთხოვნებს აწესებს, მიმდინარე წელს უნდა ამოქმედეს, ხოლო პროდუქტების ჩამონათვალში ხვდება კონდიციონერები, გამათბობლები, სავენტილაციო საშუალებები და სხვა დანადგარები, რომლებზეც სავალდებულო იქნება მომხმარებლის ინფორმირების მიზნით, ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ეტიკეტის დართვა.

შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კომპანიებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი სიახლის შესახებ, შეხვედრის დასასრულს კი მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გამოთქმული შენიშვნები მიეწოდება კანონპროექტის ავტორებს და გათვალისწინებული იქნება საბოლოო დამტკიცებისას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა „ყოველი რეგულაცია ბიზნესისთვის  სიახლესთან ერთად გარკვეულ სირთულეებსა და დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა როდესაც ხდება ამგვარი წინასწარი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის მიერ გამოთქმული შეხედულებებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინება, რეგულაცია მაქსიმალურად ეფექტური გამოდის, მეორეს მხრივ კი ბიზნესი მომზადებული ხვდება ასეთ რეგულაციას, რაც ნიშნავს ნაკლებ პრობლემებსა და ნაკლებ დანახარჯებს.“

მისი თქმით, „ამ პროცესში შეუცვლელია ბიზნესომბუდსმენის აპარატის როლი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქტიურად დაეხმარა ბიზნეს ასოციაციას შეხვედრის ორგანიზებაში. ასევე აღსანიშნავია, ეკონომიკის სამინისტროს ეფექტიანი და სანიმუშო მუშაობა ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციისა და კონსულტაციების კუთხით, რეგულატორული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში“.