(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონში ერთვება და ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს

1 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად ერთვება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხის, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და წითელი ჯვრის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ და მოუწოდებს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ზოგადად, ბიზნეს სექტორს ზემოხსენებულ მარათონში აქტიური მონაწილეობისკენ, რომელიც უკრაინისა და მისი მოსახლეობის დასახმარებლად 1 მარტს 22 საათზე იმართება.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მოძმე უკრაინელების დასახმარებლად, რადგან ამ უმძიმეს წუთებში მათ განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა, გამხნევება და სოლიდარობა. საქართველო და უკრაინა ყოველთვის გამოირჩეოდა თბილი და მეგობრული ურთიერთობებით; დღეს მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართულ ბიზნესს აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ მარათონში, ვინაიდან ერთად ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ ძმებს, იმ ადამიანების, რომლებიც ახლა უდიდესი განსაცდელის წინაშე იმყოფებიან.

ამ ბრუტალურმა და სისხლისმღვრელმა ომმა, განსაკუთრებული გავლენა იქონია უკრაინულ ოჯახებზე, ისინი სახლ-კარისა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების გარეშე დარჩნენ.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორები და ზოგადად, მოსახლეობა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, რადგან ახლა დროა გავერთიანდეთ სიკეთისთვის და იმ უმთავრესი ღირებულებისთვის, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია“ - განაცხადა  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავადაც აპირებს დონაციის განხორციელებას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტელემარათონი 1 მარტს, 22:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, SMS-ის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება. თანხა წითელი ჯვრის მეშვეობით გადაერიცხება უშუალოდ ომის მიმდინარეობისას დაზარალებულებს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა.   

საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი მსოფლიო მასშტაბით იმართება, მან სტარტი 27 თებერვალს ვარშავაში TVP-ს (პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში აიღო, სამშაბათს კი ის თბილისში გაგრძელდება.