(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წევრი აკაკი საღირაშვილი გახდა

9 მარ '22


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდს აკაკი საღირაშვილი შემოუერთდა, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

აკაკი საღირაშვილს მიღებული აქვს მრავალპროფილური სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.  აკაკი დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და ხელმძღვანელობდა სასამართლო წარმომადგენლობისა და ხელშეკრულებათა რევიზიის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეკონომიკური და ციფრული მმართველობის მიმართულებას. 

იუსტიციის სამინისტროში გადასვლამდე, აკაკი საღირაშვილი,  2018 – 2021 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რა დროსაც ის კურირებდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებას. მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვა: საზღვაო, საავიაციო, სახმელეთო და სარკინიგზო მიმართულებით. აკაკის აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიზნით არსებულ ყველა რეგიონალურ ინიციატივაში. ამასთან, აკაკი საღირაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის "Log in Georgia"-ს განხორციელებაში.  

აკაკი ასევე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, სადაც იკავებდა კორპორაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, მუშაობდა ტენდერებისა და საინფორმაციოს უსაფრთხოების მიმართულებებზე. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი გამოცდილება რკინიგზის სექტორში პროფესიული განათლების განვითარებისა და შრომითი ბაზრის გაუმჯობესების კუთხით. ნამუშევარი აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

2009 – 2011 წლებში აკაკი საღირაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს საქართველოს სამოქალაქო სამართალში.

მას მიღებული აქვს ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, ქ. ბონში, ხოლო 1997-2002 წწ. სწავლობდა იურისპრუდენციას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი განაგრძობს პროფესიულ ზრდას და განვითარებას. აკაკის სახით, ჩვენს გუნდს შემოუერთდა უმაღლესი რანგის პროფესიონალი, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მოიტანს და გაგვიზიარებს საუკეთესო გამოცდილებებს, რომელიც მას დაგროვილი აქვს წლების განმავლობაში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის დროს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ერთობლივად გაწეული ძალისხმევა სასარგებლო და ღირებული იქნება სრულიად ბიზნეს სექტორისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.